ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი მორიგი დადასტურებაა იმის, რომ საქართველო-ნატოს ურთიერთობები და თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება , - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართულ პირისპირ შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ნატო-ს გენერალურ მდივანს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. მხარეებმა საქართველოს ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს და მიღწეული პროგრესი შეაფასეს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღინიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.
მათივე განმარტებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"ნატო-ს გენერალურმა მდივანმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე", - განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
პირისპირ გამართული შეხვედრიდან მხარეებმა გაფართოებულ შეხვედრაზე გადაინაცვლეს, რომლის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ნატო-ს გენერალური მდივანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.