პრეზიდენტის ადმინისტრაცია ნატო-ს გენერალური მდივნის იანს სტოლტენბერგის ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში აპირებს განიხილოს ქვეყნის, რეგიონის უსაფრთხოების საკითხი და ის რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება იმ მიზნით, რათა სააქართველო გახდეს ნატოს წევრი.
”ეს არ არის მხოლოდ გაცნობითი ვიზიტი. ეს შეხვედრა ხდება მაშინ, როდესაც კონკრეტული ნაბიჯები იდგმევა იმ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციისთვის, რომელიც საქართველომ მიიღო უელსის სამიტზე. გარდა ამისა მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი არის იმ ფონზე, როდესაც მზადდება ნატოს მომავალი მინისტერიალი და ნატოს ვარშავის სამიტისათვის იწყება მზადება”, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი_ საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე.
მისივე თქმით, ის შეხვედრები და დისკუსია, რომელიც გაიმართება საქართველოს პრეზიდენტთან, ასევე სხვა უწყებებში მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიციების შესაჯერებლად და იმ საკითხების განსახილველად, რომელიც ქვეყანაში არსებობს.
„პრობლემათა სპექტრი არის ძალიან დიდი და ფართო. ეს მოიცავს რა თქმა უნდა, უსაფრთხოების პრობლემებს, რომელშიც ასევე იგულისხმება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. ასევე იგულისხმება თანამშრომლობისთვის დღეისათვის არსებული ვითარება ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან და სამომავლო პერსპექტივები. ასევე ის რეფორმები, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში, ე.წ საშინაო დავალებების მიმდინარე პროცესი”, _ აცხადებს თენგიზ ფხალაძე.