რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი და ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი საერთაშორისო უფლებების დამცავი ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" მიერ ჩატარებული კვლევით "თავისუფალი სიტყვის მდევნელთა" 40 კაციან ნუსხაში არიან მოხვედრილი. ინფორმაციას ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
"ისინი არიან გავლენიანნი, სასტიკნი და თავიანთ თავს კანონზე მაღლა აყენებენ. მათ ხელეწიფებათ განახორციელონ ცენზურა, დააპატიმრონ ადამიანები, გაიტაცონ, აწამონ და ყველაზე საშინელ შემთხვევაში მოკლან კიდეც ჟურნალისტები", _ ნათქვამია ანგარიშში.
რამზან კადიროვი ამ რეიტინგში პირველად მოხვდა. ანგარიშის ავტორები მას "პუტინის მოდარაჯე ძაღლს" უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ იგი სრულად იზიარებს პუტინის ხისტ საქცილსა და ძალოვან მეთოდებს.
უფლებების დამცველები მოუწოდებენ ყველას არ დაიჯერონ მოჩვენებითი სწრაფვა ტოლერანტულობისა და სიტყვის თავისუფლების დაცვისა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ის ჟურნალისტები, რომლებმაც ეჭვი შეიტანეს კადიროვის პოლიტიკაში მოკლეს.
მათივე ინფორმაციით, რუსული მედიააქტივების უდიდესი ნაწილი ამჟამად სახელმწიფომ კომპანია "გაზპრომის" ხელშია, ამიტომაც "აზრთა ვრცელი პალიტრის მოლოდინი რუსული მედიიდან არ უნდა იყოს", _ ნათქვამია ანგარიშში.
რეგიონული პრესა ასევე "ზემოდან" დანიშნული გუბერნატორებისა და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლების კონტროლის ქვეშაა.
სულ აღნიშნულ ნუსხაში მოხვდნენ 17 პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი: მათ შორის არიან: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე ხუ ძინტაო, ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი, კუბის ლიდერი რაულ კასტრო და თალიბანის ლიდერი მულლა ომარი.
ორგანიზაციის მონაცემებით, 2010 წლის დასაწყისიდან მოკლულია ცხრა ჟურნალიტი და დაახლოებით 300 დაპატიმრებულია.