ყირგიზეთის მთავრობამ ყირგიზეთის ყოფილი მთავრობის ჩინოვნიკების დაპატიმრებისათვის 20 დან 100 ათას აშშ დოლარამდე ფულადი ჯილდო დააწესა. მათ შორის ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის ყურბანბეკ ბაკიევის ძმები და ნათესავები არიან. ინფორმაციას ამის შესახე ყირგიზეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. სულ მათივე ინფორმაციით ძებნა 12 ყოფილ ჩინოვნიკზეა გამოცხადებული. მათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ეძებენ.
კერძოდ, საუბარი მიდის ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის ძმებზე _ ახმატბეკზე, კანიბეკზე და ჯანიბეკზე. ამ უკანასკნელს სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.
ასევე ძებნაა გამოცხადებული ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟზე მაქსიმ ბაკიევზე, რომელიც ქვეყნის ინვესტიციების ცენტრალური სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობდა. ასევე ეძებენ ყირგიზეთის ყოფილ პრემიერს და სხვა და სხვა სახელმწიფო სააგენტოებისა და ფონდების ხელმძღვანელებს.
ამას გარდა, ფულად ჯილდოს გადაცემა დაწესებულია მათთვის, ვინც ბაკიევის ყოფილი თანამებრძოლების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის სამართალდამცავებს მიაწვდის. ინფორმაციის კონფიდენციალობა გარანტირებულია.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთში არეულობები მიმდინარე წლის 6 აპრილს დაიწყო. ოპოზიციისა და სამართალდამცავების შეტაკების შედეგად გარდაიცვალა ასამდე ადამიანი, 1500-მე მეტი კი დაიჭრა.