როცა აფხაზეთი დე ფაქტოდ საქართველოს ტერიტორია იქნება, გაწმენდილი რკინიგზა დაგვხვდება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზის გაწმენდვითი სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა. თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, რომ არკინიგზის აღდგენის საკითხზე საქართველოს მთავრობასთან არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.
,,ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, გნებავთ ოკუპირებულზე, მაგრამ მაინც ჩვენს ტერიტორიაზე, უცხო ქვეყნის ძალები მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ახორციელებენ, იმ პოლიტიკის მაგალითია, რომელსაც რუსეთი ჩვენს მიწაზე ახორციელებს ყოველგვარი ავტორიზაციის გარეშე და საერთაშორისო ნორმების დარღვევით. ეს ახალი არაა, ამას შეჩვეულები ვართ, ალბათ კიდევ მეტს გააკეთებენ, მთავარია საქართველოს ხელისუფლება იყოს სრულ მზადყოფნაში იმისთვის, რომ ხელოვნურად გავლებულ ბარიერებს აქეთ არ მოხდეს ამის გადმოსვლა. რაც უფრო მეტ კარგს გააკეთებენ – რკინიგზას აღადგენენ თუ მსგავს რამეს, როცა აფხაზეთი დე ფაქტოდ საქართველოს ტერიტორია იქნება, ეს მხოლოდ კარგი იქნება, რადგან გაწმენდილი რკინიგზა დაგვხვდება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა. მისივე თქმით, საქართველო აფხაზეთში რკინიგზის აღდგენას ვერაფერს დაუპირისპირებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო მიმოსვლა წლის ბოლომდე მოწესრიგდება, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ბულგაკოვი აცხადებს. იგი ადასტურებს ინფორმაციას ოჩამჩირიდან ენგურამდე, სარკინიგზო მაგისტრალზე, რუსი სამხედროების მიერ, გაწმენდვითი სამუშაოების დაწყების შესახებ.