ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო მიმოსვლა წლის ბოლომდე მოწესრიგდება, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ბულგაკოვი აცხადებს. იგი ადასტურებს ინფორმაციას ოჩამჩირიდან ენგურამდე, სარკინიგზო მაგისტრალზე, რუსი სამხედროების მიერ, გაწმენდვითი სამუშაოების დაწყების შესახებ.
ბულგაკოვის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ივლისის ბოლოს, რუსეთის სარკინიგზო ჯარების 500–მდე მოსამსახურე და 50-ზე მეტი ერთეული სპეცტექნიკა გაიგზავნა. სამუშაოები სარკინიგზო მაგისტრალის 33-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს, რომელიც 90-იანი წლებიდან არ ფუნქციონირებს.
"აფხაზეთის ხელისუფლების თხოვნის საფუძველზე, რუსეთის სარკინიგზო ძალები აფხაზეთში ჩავიდნენ ივლისის თვეში. ყველა სამუშაო მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესების ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია რესპუბლიკის ფარგლებში სარკინიგზო მიმოსვლის დარეგულირება", - განაცხადა ბულგაკოვმა ჟურნალისტებთან.
გენერლის ინფორმაციით, რუსეთმა ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში აფხაზეთში სარკინიზგო მაგისტრალის 50 კილომეტრიანი მონაკვეთი და 9 ხიდი 2008 წელსაც აღადგინა.