მომზადებულია „ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის საჯარო გამოსვლის მიხედვით, რომელიც C-SPAN-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
ავტორი: ფრედ სტრასერი
რუსეთის მთავრობა ცდილობს, საქართველოსთან დაკავშირებულ მიზნებს მედიის მანიპულაციით, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებითა და რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერით მიაღწიოს,- აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ვაშინგტონში, შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას. მინისტრის განცხადებით, რუსული ძალები კავკასიის რეგიონში არღვევენ საზღვრებს, კერძოდ კი, მთავარი მაგისტრალიდან ნახევარი კილომეტრით გადმოსწიეს საზღვარი.
„რა საჭიროა ომი, მაშინ როცა საზღვრებით, მედიასაშუალებებითა და პოლიტიკური გზებით რუსეთი მანიპულირებს“,- განაცხადა მინისტრმა საჯარო განხილვების შემდეგ.
თინათინ ხიდაშელი, ყოფილი ადამიანის უფლებების დამცველი და ვაშინგტონის სამართლის კოლეჯის ასპირანტი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა მაისში, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ კოალიციიდან.
თინათინ ხიდაშელი, ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ეშტონ კარტერს და თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც მან აღნიშნა, ვიზიტის მიზანი შეერთებულ შტატებთან პარტნიორობისა და და სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაა.
თინათინ ხიდაშელის შეერთებულ შტატებში ვიზიტი საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის სწრაფვას, მაპის მიღებას უკავშირდება, რომელიც უკვე 7 წელია გრძელდება. ბალტიისპირეთის ქვეყნების ნატოში გაწევრიანება არ შედიოდა, პირველ რიგში, რუსეთის ინტერესებში, რადგან ვლადიმერ პუტინი ცდილობს მოსაზღვრე სახელმწიფოები კვლავ თავის გავლენის სფეროებად აქციოს. თავდაცვის მინისტრმა გამოთქვა ვარაუდი, რომ თუ ნატო საქართველოს 2016 წლის ივლისში დაგეგმილ ვარშავის სამიტზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე, კვლავ უარს ეტყვის, მისი ქვეყანა ისევ რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის განახლების საშიშროების წინაშე აღმოჩნდება.
ნატოში გაწევრიანებაზე საქართველოსთვის ნათქვამი ყოველი უარი რუსეთს ბიძგს აძლევდა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განსახორციელებლად. მას შემდეგ, რაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ქვეყანას გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე უარი ეთქვა, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ხუთდღიანი ომი წამოიწყო, რამაც დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთის კონტროლს დაექვემდებარა. სულ რამდენიმე მცირე ქვეყანამ აღიარა ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა, მათ შორის პრორუსულმა სეპარატისტულმა ხელისუფლებებმა აღმოსავლეთ უკრაინაში. 2014 წლის სექტემბრის უელსის სამიტის შემდეგ, რუსულმა ძალებმა დაიწყეს ე.წ. სამხრეთ ოსეთთან არსებული საზღვრების გადმოწევა, აღნიშნა მინისტრმა.
„მშვიდობის ძალა“
როგორც თინათინ ხიდაშელი აცხადებს, „ნატოს მოაქვს მშვიდობა“
2016 წლის სამიტს შესაძლოა, ჰქონდეს ორი სახის შედეგი, მიიჩნევს მინისტრი: ნატო ან უარს ამბობს გაფართოებაზე ან აგზავნის მკაფიო გზავნილს იმის შესახებ, რომ მისთვის პარტნიორი ქვეყნები ისეთივე ღირებულია, როგორც წევრი სახელმწიფოები.
შესაძლო პასუხი თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც ნატოსთვის ისე - საქართველოსთვის, აცხადებს მინისტრი. ნატომ საქართველოსთან მიმართებაში ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომლითაც დაამტკიცებს საკუთარ „სიძლიერესა და გამბედაობას“. საქართველოს, რომელიც ნომერი მეორე კონტრიბუტორი ქვეყანაა ავღანეთში ნატოს მისიაში მონაწილე ქვეყნებს შორის, საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა აქვს ალიანსთან, რაც ქვეყნისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების საფუძველს იძლევა. საქართველო ელოდება პოლიტიკურ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა მზადაა ნატოში გასაწევრიანებლად.
„საქართველო შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირეა და აქტიურად არის ჩართული ნატოს ღონისძიებებში მსოფლიო მასშტაბით,“ - განაცხადა შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა ბილ ტეილორმა, ასევე უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საზოგადოებისთვის მინისტრის წარდგენის დროს. საქართველომ გამოავლინა საკუთარი შესაძლებლობები. მნიშვნელოვანია გვესმოდეს ის გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველო დგას.
როგორიც უნდა იყოს ნატოს პასუხი, მას ექნება გამოძახილი საქართველოს შიდა პოლიტიკისთვის, - აცხადებს ხიდაშელი. მოსკოვის მიერ ბოლო პერიოდში საზღვრის გადმოწევამ შეაშფოთა საქართველოს მმართველი კოალიცია, რომელიც ხელისუფლებაში სამი წლის წინ მოვიდა და დადო პირობა, რომ რუსეთთან დაძაბულობას განმუხტავდა.
2016 წლის არჩევნებზე პრორუსული ძალები კვლავ შეეცდებიან, დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ მთავარ ამბიციას დასავლეთთან ინტეგრაციის თაობაზე.
„ვფიქრობ, არჩევნებზე პრორუსული პარტიები შეეცდებიან პარლამენტში კენჭისყრას, რაც არც მოქმედ და არც წინა პარლამეტში არ მომხდარა. ვფიქრობ, ვერ გაიმარჯვებენ და ვერც ხმების მნიშვნელოვან ნაწილს მოაგროვებენ, თუმცა ჩემთვის, პერსონალურად, ეს არის ტრაგედია და 22 წლის შემდეგ, რაღაცნაირად უნდა დავასრულოთ“,- განაცხადა მინისტრმა.
რამდენად მიაღწევენ აღნიშნული ძალები წარმატებას, დამოკიდებულია ნატოს სამიტზე, აცხადებს მინისტრი. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, მან ვაშინგტონში ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები მოისმინა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დადგება ვარშავის სამიტზე დღის წესრიგში საქართველოს ნატოში გაწევრიანების ამბიციები.
„მზარდი სკეპტიციზმი“
როგორც მინისტრი აცხადებს, „უარის თქმის შემთხვევაში, იქნება იმედგაცრუება, ასევე საინტერესოა საქართველოს მხარდამჭერთა რაოდენობა იგივე დარჩება თუ არა“
ამ ეტაპზე, რუსეთს ხელს არ აძლევს მეორე ფრონტის გახსნა უკრაინის პარალელურად, იმის გათვალისწინებით, რომ ეს, შესაძლოა, უშედეგო აღმოჩნდეს.
რუსეთის მიზანია, შექმნას ატმოსფერო, რომელიც შეამცირებს ოპტიმიზმს და გაზრდის სკეპტიციზმს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ყველაზე დიდი პრობლემა მათთვის ხალხის ენთუზიაზმია. საქართველოში და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უკრაინის კრიზისს ყურადღებით ადევნებენ თვალყურს, რათა მასზე რეაგირების მიხედვით განსაზღვრონ მომავალი ქმედებები.
ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ეშტონ კარტერმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ავღანეთში მონაწილეობის შესახებ და დაამატა, რომ მისი მოკავშირეები აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას ნატო-საქართველოს კომისიის, 2014 წელს უელსის სამიტზე მინიჭებული არსებითი პაკეტისა და ყოველწლიური სამხედრო სწავლებების და წვრთნების ფარგლებში. ასევე ისაუბრეს ევროპის მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში 20 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ, მიმოიხილეს ერთმილიარდიანი პროგრამის საკითხიც, რომელიც კონგრესმა დეკემბერში დაამტკიცა ევროპაში შეერთებული შტატების ძალების გასაძლიერებლად და რუსეთის აგრესიული განცხადებებისა და მოქმედებების ფონზე მოკავშირეების მხარდასაჭერად.
კითხვაზე, თუ რამდენად აპირებს საქართველო გამოიყენოს ფრანგული საჰაერო თავდაცვის სისტემები რუსული ავიაციის წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს საჰაერო სივრცეს არღვევს, ხიდაშელმა უპასუხა, რომ საქართველო სამხედრო ტექნიკას არ ყიდულობს ომის დაწყების მიზნით.
„ვაპირებთ ჩამოვაგდოთ თვითმფრინავი?“- იკითხა ხიდაშელმა რიტორიკულად. „მე არ ვიცი, სუვერენულმა, დამოუკიდებელმა ქვეყანამ როგორ უნდა იმოქმედოს, თუ მის ტერიტორიას და ხალხს ემუქრება საფრთხე. ამ კითხვაზე, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, შესაძლოა, ორგვარი პასუხი არსებობდეს. რუსეთის მიზანი პროვოკაციის მოწყობაა, მაშინ როცა საქართველო არ აპირებს რეაგირებას გამოწვევაზე“.
„თუ ისინი გადაკვეთენ მაგისტრალს, იქნება თუ არა ეს ბოლო წერტილი?“- აცხადებს მინისტრი. სწორედ, ეს არის მთავარი კითხვა ბრიუსელში.