სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ხვიჩა ჟიშკარიანი თანამდებობას ტოვებს. „ჯი-ეიჩ-ენის“ ინფორმაციით, მან განცხადების დაწერისა და თანამდებობის დატოვების შესახებ მითითება თბილისიდან მიიღო.
„საკრებულოს თავმჯდომარეს გადადგომის განცხადების დაწერა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელით მოსთხოვეს. მიზეზების შესახებ განმარტება არ გაკეთებულა, თუმცა ცხადია, რომ ეს სენაკში არსებული კლანების დაპირისპირების ნათელი მაგალითია“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ ინფორმირებულმა პირმა, რომელმაც ვინაობის საჯაროდ გამხელისგან თავი შეიკავა.
მისვე თქმით, ჟიშკარიანს საკრებულოს რიგების დატოვება ამ ეტაპზე აუკრძალეს, მიზეზად არჩევნების ჩასატარებლად სახრების უქონლობა დასახელდა.
თავად ჟიშკარიანი აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.
„საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ გოჩა ლაშქარავას აირჩევენ, რომელიც პარლამეტის წევრის გურამ მისაბიშვილის პროტეჟეა“, - განუცხადა იმავე პირმა „ჯი-ეიჩ-ენს“ და დასძინა, რომ ლაშქარავას საკრებულოს საქმიანობის გასაძღოლად სათანადო კვალიფიკაცია არ გააჩნია.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველსავე თვეებში, ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე, თანამდებობა იმჟამინდელმა თავმჯდომარემ ხვიჩა ნარმანიამ დატოვა. ნარმანია მოგვიანებით "რესპუბლიკურ პარტიაში" გაწევრიანდა.
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია გახდა, რომელსაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ასევე მოსთხოვა თანამდებობის დატოვება და სანაცვლოდ სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეთი რწმუნებულის მოადგილედ დანიშნა.