ჟურნალისტთა კავშირი "ობიექტივი" აცხადებს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ქართული ტელესივრციდან "ალანიას" კვალი გააქროს და იგი ახალი მაუწყებლობით ჩაანაცვლოს.
როგორც "ობიექტივის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანია "ალანიას" ბაზაზე 2010 წლის იანვრიდან ახალი, ე.წ. "კავკასიური არხი" ამოქმედდება, რომელსაც უხელმძღვანელებს რუსი ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი.
"ობიექტივის" განცხადებით, ტელეკომპანია "ალანია" წლების მანძილზე უკანონოდ, ლიცენზიის გარეშე მაუწყებლობდა "ობიექტივის" ჟურნალისტებისათვის 2004 წელს წართმეულ 35-ე დეციმეტრულ სიხშირეზე.
"ალანია"- "ობიექტივის" დაპირისპირების თემაზე მომზადებულია და მზადდება არა ერთი საგამოძიებო ფილმი. გრძელდება სასამართლო პროცესი. მიგვაჩნია, რომ საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ქართული ტელესივრციდან "ალანიას" კვალი გააქროს და ჩაანაცვლოს იგი ახალი მაუწყებლობით. ჟურნალისტთა კავშირი "ობიექტივი" აპროტესტებს წართმეული ტელევიზიის ბაზაზე ახალი ტელევიზიის შესაძლო ამოქმედების ფაქტს და მიმართავს გენერალურ პროკურატურას", _ ნათქვამია "ობიექტივის" განცხადებაში.
"ობიექტივი" მოითხოვს, შესწავლილ იქნეს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის მიერ მათთვის 2009 წლის ზაფხულში მიწერილი ოფიციალური წერილი, რომელიც, "ობიექტივის" განცხადებით, ცალსახად ადასტურებს, რომ "ალანია" 2008 წლის მაისის თვემდე არ ფლობდა სამაუწყებლო ლიცენზიას და დადგეს იმ პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ქვეყნის ტელესივრცეში დაუშვეს ულიცენზიო მაუწყებლობა.
"ობიექტივი" მიმართავს გენერალურ პროკურატურას შეისწავლოს მარეგულირებელი კომისიის წევრის სოფიო ბრიტანჩუკის საქმიანობა, რომლის მეუღლეც ნოდარ ჭარხალაშვილი ერთ-ერთ ეტაპზე იყო ჩვენთვის ტელეარხის მფლობელი.
"ობიექტივი" მიმართავს ასევე სახალხო დამცველს, მოახდინოს ადეკვატური რეაგირება "ობიექტივის" ჟურნალისტებისათვის არხის წართმევის ფაქტზე და გაეცნოს მისი წინამორბედის მიერ მომზადებულ დასკვნებს.
ჟურნალისტური გაერთიანება მიმართავს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, გამოიყენოს პოლიტიკური რესურსი, იმისათვის, რომ მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს და მათ სამართლიან მოთხოვნებს.
"ობიექტივი" მიმართავს ასევე ოლეგ პანფილოვს, კარგად გაეცნოს "ობიექტივის" გამოძიების მასალებს, რაც გამოქვეყნებულია პრესაში და როგორც საგამოძიებო ჟურნალისტიკის სპეციალიტმა, გააკეთოს სათანადო დასკვნები.
"მივმართავთ ხელისუფლებას, შეაჩეროს უკანონობის პროცესი და "ობიექტივის" ჟურნალისტებს დაუბრუნოს წართმეული ტელეარხი. წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით გარანტირებულ საპროტესტო ფორმებს", _ ნათქვამია "ობიექტივის" განცხადებაში.