ქუთაისში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც ელოდებიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერის აპარატში განუცხადეს, ნიკა გილაური ქუთაისის ტრადიციულ დღესასწაულ "2 მაისობაში" მიიღებს მონაწილეობას.
დღესასწაულის ფარგლებში ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელი რამდენიმე ახალ ობიექტს გახსნის, მათ შორის რკინიგზის სადგურის განახლებულ შენობას. აღნიშნულის გარდა, დღესვე ქუთაისში ახალი სპორტკომპლექსი და კორტები ამოქმედდება.
გილაურს ქუთაისში 14:00 საათისთვის ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისელები დღეს ტრადიციულ დღესასწაულს "2 მაისობას" აღნიშნავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის გაიხსნება გამოფენები, მოეწყობა კარნავალი და სხვა. დღესასწაულს 21:00 საათზე, ქალაქის ცენტრში გრანდიოზული კონცერტი დააგვირგვინებს.
ქუთაისში დღეს 3 ათასამდე სტუმარს ელოდებიან, მათ შორის უცხოელ დიპლომატებს.