7 წელი გავიდა და შეუძლებელია, ასეთ მნიშვნელოვან საქმეებზე გადაწყვეტილების მისაღებად ჰააგას ამდენი დრო სჭირდებოდეს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების და ამ პროცესში ჰააგის სასამართლოს ჩართვის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფოების ზომით არ უნდა ისაზღვრებოდეს, თუ ვისი პასუხისმგებლობა დადგება.
"ამ საქმის წარმოების შესახებ სრული ინფორმაცია მქონდა, ვიდრე მინისტრი გავხდებოდი, რადგან 2009 წლიდან თავად ჩართული ვიყავი პროცესში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ჩემი უამრავი მასალა იყო გაგზავნილი. მათ შორის, ეთნიკური წმენდის მტკიცებულებები. ახლა არ მაქვს უფლება და საშუალება, ამ საქმით დავინტერესდე. თავდაცვის მინისტრისგან ამის გარკვევა სწორი არ იქნება. თუმცა, 7 წელი გავიდა და შეუძლებელია, ასეთ მნიშვნელოვან საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებას ამდენი დრო სჭირდებოდეს. იმედი მაქვს, სწრაფად მოხდება ამ საქმის გახსნა და ოფიციალურად გამოცხადდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ. ჩემი პოზიცია 2009 წელსაც ასეთი იყო და დღესაც იგივე პოზიცია მაქვს, რომ სახელმწიფოების ზომით არ უნდა ისაზღვრებოდეს, ვისი პასუხისმგებლობა დადგება ჰააგაში. რუსეთი დიდი და გავლენიანია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს შემაფერხებელი ობიექტური და სამართლიანი წარმოების დაწყებისათვის", - აღნიშნა მინისტრმა.