ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი პირობას დებს, რომ ირანის წინააღმდეგ მიმართულ ყველა იერიშს მოიგერიებს და ირანელ ხალხზე ყველა თავდამსხმელს კბილებს დაამტვრევს. ეს განცხადება აჰმადინეჯადმა დღეს კუნძულ კიშზე გააკეთა, სადაც სპარსეთის ყურის დღესთან დაკავშირებულ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.
"დიდი სახელმწიფოები ისე მართავდნენ მსოფლიო ეკონომიკას, რომ ადამიანების სისხლი ერთ ჭიქაში შეაგროვეს. მათ (აშშ) სურთ ახლო აღმოსავლეთის მართვა, თუმცა მათ თავის მიზანს ვერ მიაღწიეს და ვერც მიაღწევენ. დღეს ირანი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა. ჩვენ ყველა ერი გვიყვარს. დიალოგისა და მეგობრობის მომხრე ვართ. თუმცა ამავე დროს ძლიერი მუშტიც ვართ, რომელიც კბილებს დაამტვრევს მათ, ვინც ისლამური რესპუბლიკის მიმართულებით დარტყმის მიყენებას გაბედავს", _ განაცხადა აჰმადინეჯადმა.
ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სპარსეთის ყურის უსაფრთხოების უზრუნველყოფა აშშ-ის იქ ყოფნაში მდგომარეობს.
"ირანი მსოფლიოში მშვიდობისა და სამართლიანობის მომხრეა. სპარსეთის ყურის რეგიონის პრობლემა მის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კი არ მდგომარეობს, პრობლემა თქვენშია (აშშ-ში)", _ აცხადებს აჰმადინეჯადი.