ყაზახეთის რესპუბლიკაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ფოტო გამოფენა გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი იქნა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის, ასევე 1990-იანი წლების კონფლიქტის და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის ამსახველი ფოტო მასალა. გამოფენა ყაზახეთში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ გახსნა. ელჩმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად წარმოქმნილ მძიმე პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ ვითარებაზე. ზურაბ პატარიძემ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა უკანასკნელ პერიოდში ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარების მიერ ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟებაზე.
გახსნის ცერემონიის დასრულების შემდგომ საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მიღება გაიმართა. ფოტო გამოფენას ასამდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის ყაზახეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართული დიასპორის წევრები და ჟურნალისტები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული ფოტო გამოფენა ყაზახეთის რესპუბლიკის მასმედიის წარმომადგენლებმა გააშუქეს.