საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. შალაურის ღვინის მარანთან მისასვლელი გზის 1 კმ-იან მონაკვეთს რეაბილიტაცია კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით უტარდება. მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა დაათვალიერა. პროექტის ღირებულება 250 233 ლარია. გზის შეკეთების პარალელურად, ერთ კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი სანიაღვრე ქსელიც მოეწყობა.
მუნიციპალური განვითარების ფონდი კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობის ფარგლებში აგრძელებს კერძო სექტორის ხელშეწყობას. შალაურის მარნის ხელმძღვანელობა იღებს ვალდებულებას, რომ გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ღვინის მარანთან ააშენოს სასტუმრო, რაც ერთის მხრივ ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
აღნიშნული გზა წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო, რეაბილიტაციის შემდეგ, როგორც ღვინის მარნის სტუმრებისთვის, ასევე სოფელ შალაურის მოსახლეობისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება. სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.