უკრაინის ვიცე-პრემიერი რეგიონალური პოლიტიკის საკითხებში ვიქტორ ტიხონოვი უკრაინის ფედერალიზაციის ინიციატივით გამოდის. ამ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" აქვეყნებს.
"დეცენტრალიზაციისა და ფედერალიზმის მომხრე ვარ. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში უკრაინის ფედერალიზაციის იდეას მხარს უჭერდნენ მიხეილ დრაგომანოვი და მიხეილ გრუშევსკი, ხოლო 1991 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს უკრაინის ფედერალიზაციას მხარს უჭერდა ვიაჩესლავ ჩორნოვინი", _ აცხადებს ტიხონოვი.
მისივე თქმით, 1996 წელს, კონსტიტუციის მიღებით ამ თემაზე დისკუსია დასრულდა, რადგან გამყარდა უკრაინის უნიტარული სტატუსი, "თუმცა მიუხედავად ამისა ტერიტორიული ორგანიზაციის მოწყობის მრავალი საკითხი გადაუწყვეტელი დარჩა".
"პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ თანამედროვე მოდელი ვერ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს", _ აცხადებს ტიხონოვი.
უკრაინის ვიცე-პრემიერი ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლების დეცენტრალიზაციის შესახებ ამოცანის გადაწყვეტა, მთავრობის წევრების წინაშე პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა დააყენა. თუმცა მისივე თქმით, ეს ერთი თვის საქმე არ არის.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2007 წელს რეგიონების პარტია აცხადებდა, რომ მზადაა უმაღლეს რადაში კონსტიტუციის ცვლილებების უკვე მზა პროექტი შეიტანოს, რომელიც ხელისუფლების დეცენტრალიზაციას ითვალისწინებს.
უკრაინის კონსტიტუციის მეორე მუხლის მიხედვით, უკრაინა უნიტარული სახელმწიფოა.