თავდაცვის მინისტრი და მინისტრის მოადგილეები საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. თინათინ ხიდაშელი, დავით ებრალიძე, ანა დოლიძე და ბესიკ ლოლაძე უნივერსიტეტების რექტორებთან საგანმანათლებლო საკითხებზე დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.
თინათინ ხიდაშელი მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნივერსიტეტებთან ნაყოფიერად უნდა ითანამშრომლონ და მათი ცოდნა და გამოცდილება სათანადოდგამოიყენონ.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ყველა უნივერსიტეტთან თანამშრომლობა, დაწყებული იმ უნივერსიტეტებით, რომლებსაც სამხედრო უსაფრთხოების საკითხებზე მაგისტრატურა აქვთ, დასრულებული სამხედრო აკადემიით, რომელიც თვდაცვის სამინისტროსთვის შეიძლება მნიშვნელოვან პარტნიორად ვიგულოთ, როცა ვსაუბრობთ ჯარის პოპულარიზაციაზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე და ა.შ. ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრა იყო. ძალიან ბევრ თემას შევეხეთ, მათ შორის თავდაცვის აკადემიასთან თანამშრომლობით ახალი სამაგისტრო პროგრამების მომზადების საკითხს. ვისაუბრეთ კურსებზე, რომლებიც შეიძლება ჩვენმა ჯარისკაცებმა გაიარონ უნივერსიტეტებში, საჯარო ლექციებზე, რომელსაც ეს უნივერსიტეტები, სავარაუდოდ, ჩაატარებენ სამხედრო ნაწილებში. ეს თანამშრომლობა არ უნდა იყოს ფრაგმენტული, ვფიქრობ, უნდა გაგრძელდეს და საზოგადოების სრული სპექტრი და სეგმენტი მოიცვას, რათა ჯარი გახდეს ერთიანი ქართული საზოგადოების ნაწილი“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
თავდაცვის სამინისტროს და მინისტრის ინიციატივებს დადებითად აფასებენ უნივერსიტეტების რექტორები. ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ ჯარისკაცების განათლების საკითხში ჩაერთნენ და სამინისტროსთანაც აქტიური კომუნიკაცია შეინარჩუნონ.
„ქალბატონმა თინამ შემოგვთავაზა თანამშრომლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. მათგან ბევრი ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. საკითხების სპექტრმა აჩვენა, რომ თავდაცვის სამინისტრო დიდი მონდომებითა და სერიოზულობით განიხილავს ჯარისკაცების განათლების საკითხს. ჯარში ინტელიგენციამ და უნივერსიტეტებმა უნდა ჩაატარონ ლექციები, სემინარები. შევთანხმდით, რომ ჩვენს შორის კომუნიკაცია იქნება და უაღრესად მნიშვნელოვან შედეგს მივაღწევთ“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯონი აფაქიძემ.
„ბევრი საინტერესო მოსაზრება გამოითქვა. შევთანმხმიდით, რომ ერთად ვიმუშავებთ. ყველაზე სასიამოვნო იყო ის, რომ სამინისტროსა და ქალბატონი თინას მხრიდან ვიგრძენით მზაობა, რომ ქვეყანაში თავდაცვის სფეროში ბევრი მნიშვნელოვანი რამ უნდა გაკეთდეს. ჯარისკაცებისთვის მხოლოდ კარგი გაწვრთნა და შეიარაღება არ არის საკმარისი, მათ კარგი განათლებაც უნდა ჰქონდეთ,“- განაცხადა ქუთაისის უნივერსიტეტის დამფუძნებელმა ლელა ქელბაქიანმა.