ბათუმის მერია საქალაქთაშორისო მგზავრთა გადამყვან კომპანიებს მოუწოდებს, ერთი დღის ვადაში შეწყვიტონ საერთო პარკირების ადგილების უკანონო და არამიზნობრივი გამოყენება და თვითმმართველობის მიერ მიღებული დადგენილების შესაბამისად, მგზავრთა გადაყვანა ქალაქში არსებული სტანდარტული ავტოსადგურების ტერიტორიებიდან განახორციელონ.
ბათუმის მერიის განცხადებით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, საერთო პარკირების ტერიტორიაზე, ადგილი აქვს ავტოსადგურების მოწყობას მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანების განხორციელების მიზნით, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს. კერძოდ: ირღვევა როგორც თვითმმართველობის მიერ მიღებული პარკირების საერთო ადგილების სარგებლობის წესები, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური რეგლამენტი ავტოსადგურებისათვის მგზავრთა გადაყვანის მიზნით სავალდებულო ბაქნების არსებობის შესახებ. საერთო პარკირების ადგილებზე უკანონო ავტოსადგურების მოწყობა არღვევს კერძო ავტომფლობელებისა და ქალაქში არსებული სტანდარტული ავტოსადგურების კანონიერ უფლებებს, ასევე დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას.
კანონიერი ავტოსადგურების მფლობელი კომპანიებისა და მოსახლეობის სამართლიანი მოთხოვნების გათვალისწინებით და არსებული წესების დაცვის მიზნით, მერია მიმართავს საქალაქთაშორისო მგზავრთა გადამყვან კომპანიებს, რათა ერთი დღის ვადაში შეწყვიტონ საერთო პარკირების ადგილების უკანონო და არამიზნობრივი გამოყენება და თვითმმართველობის მიერ მიღებული დადგენილების შესაბამისად, მგზავრთა გადაყვანა ქალაქში არსებული სტანდარტული ავტოსადგურების ტერიტორიებიდან განახორციელონ. აღნიშნული ავტოსადგურების მფლობელი კომპანიები მზად არიან მათ მომსახურება გაუწიონ შესაბამისი პირობების დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითმმართველობა იტოვებს უფლებას, საერთო პარკირების ადგილების უკანონოდ მოწყობილი ავტოსადგურებისაგან გათავისუფლების მიზნით, გამოიყენოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება.