პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტის თვითმფრინავის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
ამის შესახებ ტუსკმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც ავიალაინერის კატასტროფის გამოძიების პირველი ეტაპის შედეგები გამოაქვეყნა.
"ჯერჯერობით ადრეა თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით რაიმე ზოგადი დასკვნების გაკეთება და პასუხისმგებელი პირების დასახელება. მათი პოლიტიკური, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შესაძლოა განხილულ იქნას მხოლოდ ტრაგედიის გარემოებების გარკვისა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ", - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა და აქვე განმარტა, რომ "ასეთი გადაწყვეტილებები ქვეყნის ახალ პრეზიდენტთან უნდა შეთანხმდეს".
რაც შეეხება უშუალოდ პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხს, როგორც ამას რიგი პოლიტიკოსი და ექსპერტი მოითხოვს, ტუსკის განმარტებით, იგი ბოგდან კლიხას თანამდებობიდან გათავისუფლებას არ აპირებს.
"ბრალდებები პოლონეთის თავდაცვის უწყების მიმართ ნაადრევია, აქედან გამომდინარე, მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებამ შესაძლოა მის რეპუტაციას დარტყმა მიაყენოს", - განმარტა დონალდ ტუსკიმ.
უნდა აღინიშნოს, რომ რიგი პოლონელი პოლიტიკოსი და ექსპერტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას იმის გამო მოითხოვს, რომ პრეზიდენტ ლეხ კაჩისნკის თვითმფრინავის ბორტზე უმაღლესი სარდლობიდან აღნიშნული უწყების ყველა მაღალჩინოსანი იმყოფებოდა.
გარდა ამისა, საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე პოლონეთის პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ "ქვეყანაში უკვე დაბრუნებულია დაღუპულთა ნივთები, მათ შორის ტელეფონები და პერსონალური კომპიუტერები".
"ისინი პოლონეთის სპეცსამსახურებისა და პროკურატურის განკარგულებაშია. მათ შორისაა, პრეზიდენტ ლეხ კაჩისნკის მობილური ტელეფონიც", - განაცხადა ტუსკიმ.
რაც შეეხება სმოლენსკის აეროდრომს, პოლონეთის პრემიერის შეფასებით, კომისიის გამოძიების პირველად ეტაპზე დადგენილია, რომ ის "ოპტიმალურ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა" და განმარტა, რომ "მის ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებელი რუსეთის მხარეა".
"თუმცა, თვითმფრინავის ეკიპაჟს, ცხადია, გააჩნდა ინფორმაცია აეროდრომის მდგომარეობის შესახებ", - განმარტა მან.