პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ლაინერის მოწყობილობების დაზიანება ან მის ბორტზე მომხდარი აფეთქება არ ყოფილა.
ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც ავიალაინერის კატასტროფის გამოძიების პირველი ეტაპის შედეგები გამოაქვეყნა.
მისივე განმარტებით, გამოძიების პირველ ეტაპზე ჩნდება ეჭვები იმის თაობაზეც, რომ სმოლენსკთან, 10 აპრილს მომხდარი ავიაკატასტროფა შესაძლოა არა 09:56 საათზე, როგორც ეს თავდაპირველად გაცხადდა, არამედ 15 წუთით ადრე - 09:41 საათზე მომხდარიყო.
"ექსპერტების განცხადებებით, რომლებიც ავიაკატასტროფის მიზეზების დადგენასთან დაკავშირებით რუსებთან ერთად მუშაობდნენ და ამავდროულად, აპარატურების გამოკვლევებით დგინდება, რომ ზოგიერთმა საბორტო მოწყობილობამ მუშაობა 09:41 საათზე შეწყვიტა", - განაცხადა ტუსკმა, თუმცა აქვე დასძინა, რომ "მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა ზუსტად ამ დროს მოხდა, ჯერჯერობით არ არსებობს".
გარდა ამისა, პოლონეთის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, წინასწარი ინფორმაციის მიხედვით, შესაძლოა იმის მტკიცება, რომ კატასტროფა ლაინერის მოწყობილობების დაზიანებით ან თვითმფრინავის ბორტზე მომხდარი აფეთქებით არ ყოფილა გამოწვეული.