ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის განცხადებით, მას იმედი ჰქონდა, რომ რუსეთი თავის სიდიადეს დადებითი კუთხით წარმოაჩენდა და არა საქართველოსთან, ან სხვა ქვეყნებთან ომით.
ამის შესახებ ექს-პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ატლანტიკური საბჭოს ყოველწლიურ გალა-მიღებაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიღების თანათავმჯდომარე იყო.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ღონისძიებაზე ნატოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 5 ადამიანი დააჯილდოვეს, მათ შორის აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი.
კლინტონამ თავის გამოსვლაში რუსეთზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ცდილობდა კრემლს დახმარებოდა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარუმატებლობა ნაკლებად მტკივნეულად აღექვათ.
"მე ვცდილობდი რუსეთთან კარგი ურთიერთობები გვქონოდა. ჩემი პრეზიდენტობის დროს ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მათ ფინასურად დავხმარებოდი. ვიცოდი, რომ ჩვენ საერთო მომავალი გვქონდა, ისიც ვიცოდი, რომ რუსეთი ძალიან დიდი სახელმწიფო იყო და მისთვის საერთაშორისო ასპარეზზე წარუმატებლობა ძალიან მტკივნეული უნდა ყოფილიყო. შესაძლოა ეს დანარჩენი ქვეყნებისთვის კარგიც იყო. მე არ მინდოდა მათ თავის სიდიადე საქართველოსთან ან სხვა ქვეყნებთან ომით განესაზღვრათ, არამედ უფრო დადებითი თვალსაზრისით", - აღნიშნა კლინტონმა.
მისვე თქმით, ბევრი ადამიანი საქართველოს პოლიტიკას არაეფექტურად მიიჩნევს, ამერიკელებს კი უყვართ თამაშები სადაც წაგებულები და მოგებულები არიან.
"დროა მოვეჩვიოთ ისეთ თამაშებს, სადაც ორივე მხარე მოგებულია. ეს უნდა გახდეს ჩვენი მთავარი სამოქმედო გეგმა", - აღნიშნა აშშ-ს ექს-პრეზიდენტმა.