კახეთის რეგიონის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის წლის განმავლობაში 150 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის დღევანდელ გასვლით სხდომაზე განაცხადა, რომელიც კახეთში გაიმართა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული თანხა, როგორც სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტიას, ისე სკოლების რემონტს, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ხიდების აღდგენას, გარეგანათების მოწესრიგებას და სტიქიის შედეგად მიყენებული სხვა სახის ზარალის აღმოფხვრას მოხმარდება.
"ეს არაა მცირე თანხა, ეს სერიოზული თანხაა, რომელიც მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე დაიხარჯება, რაც თავისთავად ათასობით ადამიანს დაასაქმებს", - განაცხადა გილაურმა.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა გილაურმა უამინდობის გამო რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულისგან მოისმინა. გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, რეგიონის ყველა რაიონში სპეციალური კომისიაა შექმნილი, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობას დაითვლის.
კახეთში გამართულ გასვლით მთავრობის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ უამინდობის გამო რეგიონში შექმნილი რთული ვითარების სალიკვიდაციო ღონისძიებების დასახვა წარმოადგენდა.