2015 წლის 30 ივნისს - 1 ივლისს საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ჟენევის საეთაშორისო მოლაპარაკების 32-ე რაუნდში.
დელეგაციის ხელმძღვანელის დავით დონდუას განცხადებით, 2008 წლიდან მოყოლებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკება წარმოადგენს ერთადერთ ფორმატს საქართველოსა და რუსეთს შორის, სადაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე განიხილება ძალის არ გამოყენების შესახებ ვალდებულების აღების, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხები.
მოლაპარაკების პროცესის წარმატება და დაგროვილი პრობლემების არსებითი განხილვა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატის, შეთანხმებული პროცედურებისა და დღის წესრიგის პატივისცემაზე ყველა აქტორის მხრიდან.
ჩვენის მხრივ, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული დიალოგის არსებობას ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში. იმედს ვიტოვებთ, რომ, წინა რაუნდისგან განსხვავებით, ამჯერად მონაწილეები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან მოლაპარაკების პროცესს და არაკონსტრუქციული ქმედებით რისკის ქვეშ არ დააყენებენ, როგორც რაუნდის ჩატარებას, ისე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმართვის ჩამოყალიბებულ პრაქტიკას. აგრეთვე, მოველით, რომ თანათავმჯდომარეები, საკუთარი მანდატის შესაბამისად, ყველაფერს მოიმოქმედებენ რაუნდის პროცედურების დაცვით ჩატარებისთვის.