თუ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი გაუჩნდება და ამის აუცილებლობას დაინახავს, იგი ამას ყოველგვარი აჟიოტაჟისა და ხმაურის გარეშე გააკეთებს, ისე, რომ წინ ვერაფერი აღუდგება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ,,ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისი შეფასებით, ივანიშვილის როლი ქვეყნის რეალობაში განუზომლად დიდია და ეს ბუნებრივიცაა.
,,წლების განმავლობაში ვერცერთმა ლიდერმა ვერ მოახერხა საზოგადოებისა და ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია, რათა ქვეყნისთვის სააკაშვილის რეჟიმი მოეშორებინა, ბიძინა ივანიშვილმა კი ეს შეძლო - მთელი ერისა და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია მოახდინა და უმტკივნეულოდ, ყოველგვარი გართულებების გარეშე, არჩევნების გზით შეცვალა ნაციონალების ხელისუფლება. მე, როგორც მოქმედ პრემიერმინისტრს, ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია რომ მქონდეს, ამაში უჩვეულო არაფერია”, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, მიუხედავად ბევრი მცდელობისა, მასსა და ივანიშვილს შორის ,,წყლის ამღვრევა” ვერ მოხერხდა.
,,სპეკულაციები და ტალახის სროლა, რასაც ამ თვეების განმავლობაში ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ჰქონდა ადგილი, აბსოლუტურად მიზანმიმართული, ბინძური კამპანია იყო, მაგრამ, როცა პოლიტიკაში ხარ, ასეთი რამ არ უნდა გაგიკვირდეს და უნდა აიტანო კიდეც! ალბათ, კიდევ ბევრჯერ შეეცდებიან ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის წყლის ამღვრევას და ჭორების მიტან-მოტანას, მაგრამ ეს სპეკულაციები სპეკულაციებად დარჩება და ამით დაინტერესებული ადამიანები საწადელს ვერ მიაღწევენ” ,- დასძინა ღარიბაშვილმა.