ქობულეთში კულტურის სახლი გაიხსნა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად აჭარის განათლების მინისტრიც დაესწრო.
როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, 13 ივნისს თბილისში განვითარებული სტიქიური უბედურების გამო გახსნის ცერემონია მოკრძალებულად გაიმართა. საგამოფენო დარბაზში ხელოვანთა ნამუშევრებისა და სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა მოეწყო.
სტუმრებმა ახლააშენებული კულტურის სახლის სარეპეტიციო, საგამოფენო, საკონფერენციო და ადმინისტრაციული ოთახები დაათვალიერეს, ასევე მოინახულეს 400 მაყურებელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სცენა, სადაც მესამე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა სასცენო ნომერი შეასრულეს.
კულტურის სახლის არ არსებობა წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენდა. კულტურული ობიექტის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 300 000 ლარი დაიხარჯა.