უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებით, გაყინული კონფლიქტების თემისა და სეპარტისტული რესპუბლიკების აღიარების საკითხისადმი მიდგომის კრიტერიუმების გადახედვის დრო დადგა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "იტარ-ტასი" ავრცელებს.
"ორმაგი სტანდარტების მიღების წინააღმდეგები ვართ. უკრაინა მზადაა, დემოკრატიულ პროცესებსა და იმ ხალხის უფლებებს მხარი დაუჭიროს, რომლებიც გაყინული კონფლიქტების ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მოვიდა დრო, გაყინული კონფლიქტების ტერიტორიების აღიარების კრიტერიუმები გადაიხედოს", - განაცხადა იანუკოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ დებატებია დაგეგმილი. ევროსაბჭოს მიერ რამდენიმე რეზოლუციაა მიღებული, რომელიც რუსეთს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარების უარყოფასა და აღებული საერთაშორისო ვალდებულების შესრულებას სთხოვს.