ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო „2030“-ის ეთერში დეტალურად ჰყვება მისი უწყების ჩართულობაზე სტიქიის შედეგებთან ბრძოლის პროცესში. მისი სიტყვებით, კომუნიკაცია უწყებებს შორის მაღალი დონით გამოირჩეოდა.
„დადასტურებით შემიძლიათ გითხრათ, რომ პირველივე წუთებიდან ჯანდაცვის სამინისტრო ჩართული იყო ამ აქტივობებში და ეს იყო კარგი კომუნიკაციით განხორციელებული აქტივობები. პირველივე საათებიდან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დადიოდნენ პრაქტიკულად ყველა უბანში და ძალიან დეტალურად უხსნიდნენ რისკებს და ყვებოდნენ მარტივ და ეფექტურ დავდაცვით საშუალებებზე. ჩვენ თვითონ ვამარაგებდით იგივე პირბადეებით, ხელის დასამუშაობელი საშუალებებით და ა.შ.“, - განაცადა მინისტრმა.
ეპიდემიის გავრცელების რისკის აღმოფხვრაზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა:
„ჩვენ ვხელმძღვანელობდით იმ საერთაშორისო პროტოკოლებით, რაც მოწოდებულია ასეთ შემთხვევაში: ნებისმიერი წყალდიდობა წინასწარვე მოიაზრებს იმ რისკებს, რომ ეს წყალი იქნება დაბინძურებული, მათ შორის ჩამდინარე და კანალიზაციის წყლებით. ჩვენი მოქმედება ( სანამ არ ვიცოდით, რომ ეს ხდებოდა თუ არა) დაფუძნებული იყო სწორედ ამ გეგმაზე. ჰეპატიტის, ტეტანუსის ინფექციების და კანის დაავადებების რისკი ამ დროს არის მაღალი. საბედნიეროდ, ეს შემთხვევები არ გვქონია. ძირითადი რისკების ინკუბაციური პერიოდი გავლილია და ახლა მხოლოდ თეორიული რისკები არის დარჩენილი. ამ მხრივ მინიმალური რისკებით გამოვედით ამ ძნელი სიტუაციიდან“.