„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, 14 ივნისს, როდესაც თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულებს ჯერ კიდევ ეძებდნენ, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი, არჩილ გეგეშიძე შვებულებაში გავიდა და ნიაგარას ჩანჩქერზე დასასვენებლად გაემგზავრა.
„მივმართავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზოგადოებას აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. დაადასტუროს ან უარყოს ეს ფაქტი, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ინფორმაცია დადასტურდება და ვთვლით, რომ ჩვენი წყარო სანდოა და ელჩი მართლაც გავიდა შვებულებაში, მაშინ მოვითხოვოთ ამ ფაქტს სამინისტროს შეფასება მისცეს”, _განაცხადა ნადირაშვილმა.
დეპუტატის განცხადებით, ასეთ მძიმე დღეებში, ყველა საელჩო საგანგებო მუშაობის რეჟიმზე უნდა ყოფილიყო გადასული, განსაკუთრებით ჩვენი ელჩი სტრატეგიულად პარტნიორ ქვეყანაში.
,,მათ უნდა ეზრუნათ, რომ საერთაშორისო საზოგადოება სტიქიით დაზარალებულებს გვერდში დადგომოდა და რაც შეიძლება მეტი დახმარება მიგვეღო. ასეთ სიტუაციაში ელჩის დასვენება მიუთითებს ღრმა კრიზისზე.ერთია, რომ ელჩს არ ესმის ასეთ დროს შვებულებაში გასვლა არ შეიძლება, მეორე მხრივ ეს ადასტურებს, რომ მთელი სახელმწიფო აპარატი ჩამოშლილია”, _განაცახდა ნადირაშვილმა.