ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინის დელეგაციის ოპოზიციური პარტიების წევრებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. ამის შესახებ უკრაინული სააგენტო "უნიანი" უმაღლესი რადას სახალხო დეპუტატზე ოლგა გერასიმიუკზე დაყრდნობით იუწყება.
"მას შემდეგ, რაც დღეს უკრაინის პარლამენტში მოხდა, ჩვენ არ შეგვეძლო პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა მოგვესმინა და დარბაზში დავრჩენილიყავით", - განაცხადა მან.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ უკრაინელი ოპოზიციონერი დეპუტატები უკრაინის ინტერესების გაყიდვის სამართლიანად აპროტესტებენ.
"ევროსაბჭოს ასამბელეაზე იანუკოვიჩი გამოვიდა არა როგორც უკრაინის პრეზიდენტი, არამედ როგორც რუსეთის იმპერიის უკრაინული მხარის გუბერნატორი", - აღნიშნა გერასიმიუკმა.