იუსტიციის საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე არ ეთანხმება პრემიერ-მინისტრის განცხადებას მოსამართლეებთან მიმართებაში. „არჩევანის“ ეთერში ლევან მურუსიძემ მოუწოდა პოლიტიკოსებს, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილს, თავისი განცხადებებით სასამართლო პროცესებზე შესაძლო ზეგავლენის მოხდენისგან თავი შეიკავონ.
შეგახსენებთ, 2015 წლის 3 აპრილს ირაკლი ღარიბაშვილმა "დივერსია" უწოდა მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზე რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ყადაღა დაედო 4 ათას 500 ლარის გამო.
„მე არ ვეთანხმები იმ განცხადებას, რაც გააკეთა ბატონმა პრემიერმა, ვინაიდან ვფიქრობ, რომ სასამართლო სისტემაში საქმის განხილვის დროს ყველამ თავი უნდა შეიკავოს აზრის გამოხატვისაგან. <...> ყველა პოლიტიკოსმა და განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირებმა თავი უნდა შეიკავონ სასამართლოზე რაიმე ზემოქმედების მოხდენისგან“, - განაცხადა მურუსიძემ.
ამავე ტიპის მოთხოვნით იუსტიციის საბჭოს მდივანმა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს ირაკლი ალასანიას მიმართა.
„რამდენიმე კვირის განმავლობაში ბატონი ირაკლი ალასანიას მხრიდან გრძელდება ზეწოლები სასამართლოზე, მიმაჩნია, რომ ეს არის ყოვლად დაუშვებელი. იმის მიხედვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე - არის კარგი მოსამართლე ან ცუდი მოსამართლე - ყოვლად მიუღებელია. დაუშვებელია, რომ პოლიტიკოსები ჩაერიონ სასამართლო საქმიანობაში“, - ამბობს ლევან მურუსიძე.