უკრაინის უმაღლესი რადას სახალხო დეპუტატი ოლეს დონი პარლამენტში მომხდარი არეულობის დროს ტვინის შერყევის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამის შესახებ უკრაინული სააგენტო "უნიანი" იუწყება.
მათი ინფორმაციით, დეპუტატს ტვინის შერყევა აქვს მიღებული.
როგორც უკრაინული ოპოზიცია აღნიშნავს, არეულობის დროს მას თავის შენობის კედელზე არტყმევინეს, რის შემდეგაც მან ტვინის შერყევა და ზურგზე რამდენიმე დაჟეჟილობა მიიღო.
ამასთან, ოპოზიციონერების მტკიცებით, რადაში ჩხუბის დროს 60 წლის დეპუტატებიც კი არ დაინდეს და სასტიკად გაუსწორდნენ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის და უკრაინის პარლამენტმა ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის 25 წლით ვადის გაგრძელების რატიფიცირება უკვე მოახდინა. რასაც უკრაინაში ოპოზიციის მომხრეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. შეთანხმებას რადას წინ ამ წუთებში ათი ათასამდე ადამიანი აპროტესტებს.
აღნიშნულ დოკუმენტს ხელი გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მოაწერეს.