საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" პროექტის წარდგენის საკითხი განიხილეს.
კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განმარტებით, რეგლამენტის პროექტის შემუშავების მიზეზი პარლამენტის წევრთა მიერ პლენარულ და კომიტეტის სხდომებზე დაუსწრებლობის განმსაზღვრელი ნორმების ახლებური რეგულირებაა.
კერძოდ, 133-ე მუხლის მე-10 პუნქტიდან, რომელიც საპატიო მიზეზების ჩამონათვალს შეიცავს, ამოიღებენ ტერმინს - „ ოჯახური მდგომარეობის“ გამო სხდომის გაცდენა.
აღნიშნული ტერმინი საკმაოდ ფართოა და ვერ ხერხდება იმის ზუსტად განსაზღვრა, თუ რა ითვლება, კონკრეტულად, „ ოჯახურ მდგომარეობაში“ და რა შემთხვევა შეიძლება ჩაითვალოს საპატიოდ“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.
მისივე თქმით, პრაქტიკაში პარლამენტის წევრების მიერ საპატიო მიზეზით გაცდენილი სხდომების უდიდესი წილი სწორედ „ ოჯახური მდგომარეობის“ გამო გაცდენილი სხდომებია, ხოლო აღნიშნული მიზეზის სიზუსტის გადამოწმება შეუძლებელია.
გარდა ამისა, ცვლილება შედის 286-ე მუხლში, რომლითაც არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის გათვალისწინებული სანქციების გამოყენების მარეგულირებელი ნორმების სრულყოფა ხდება.