ხვალ, 24 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაიმართება ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის.
კონსულტაციებს, ქართული მხრიდან უხელმძღვანელებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ხოლო ჩეხეთის მხრიდან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პეტრ დრულაკი.
შეხვედრაზე, მხარეები განიხილავენ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას.
საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეხვედრებს გამართავს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან დავით ბაქრაძესთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან პაატა ზაქარეიშვილთან.