უკრაინის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი აზაროვი ადასტურებს, რომ იულია ტიმოშენკო რუსეთის პრემიერს ვლადიმერ პუტინს ყირიმში მდგარი რუსეთის შავი ზღვის ფლოტისათვის ვადის გაგრძელებას მართლაც სთავაზობდა. განცხადება ამის შესახებ ნიკოლაი აზაროვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"წარმოგიდგენიათ, რა ცინიზმამდე შეუძლიათ პოლიტიკოსებს მისვლა? შეიძლება ვთხოვოთ კიდევ ვლადიმერ პუტინს ამ საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნება, იმისათვის, რომ ამ პოლიტიკაზე უკრაინელმა ხალხმა საბოლოოდ დასვას წერტილი და იმიტომაც რომ უფრო ცინიკური და უფრო ნაგლი პოლიტიკოსი არ არსებობს", _ აცხადებს ნიკოლაი აზაროვი.
აზაროვი აცხადებს, რომ თანამდებობაზე ყოფნისას იულია ტიმოშენკო თანამდებობას საკუთარი პირადი მიზნებისთვის იყენებდა. აზაროვი ასევე შეშფოთებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებზე ტიმოშენკო ლაპარაკობდა ერთს და უკრაინელ ხალხს ეუბნებოდა სრულიად საპირისპიროს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა გაკვირვება გამოხატა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის ვადის გახანგრძლივებით მიღებული გადაწყვეტილების ირგვლივ უკრაინის ზოგი პოლიტიკური ძალის რეაქციით. პუტინის თქმით, ამ საკითხის შესახებ მოლაპარაკება უკრაინის წინა ხელისუფლებასთანაც მიმდინარეობდა და მხოლოდ ერთი საკითხი იყო გადაუწყვეტელი _ ფასი.
"იულია ვლადიმეროვნასთან ამ საკითხზე არაერთხელ გვიმსჯელია და მაშინ არავინ წინააღმდეგი არ იყო. სადავო იყო მხოლოდ ერთი საკითხი _ ფასი. უბრალოდ, უკრაინულმა მხარემ ფლოტისათვის ბაზირების ვადის გაგრძელების 10 წელიწადში ძალიან დიდი თანხა 40-45 მილიარდი მოითხოვა. ამ ფულით თქვენს (უკრაინის) პრეზიდენტს შევჭამდი", _ ირონიულად შენიშნა პუტინმა.
აღსანიშნავია, რომ იულია ტიმოშენკომ ვლადიმერ პუტინის ეს განცხადება უკვე უარყო.