იულია ტიმოშენკო რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის განცხადებას უარყოფს, რომლის მიხედვითაც პუტინმა განაცხადა, რომ მასა და უკრაინის მაშინდელ პრემიერს იულია ტიმოშენკოს შორის არსებობდა შეთანხმება უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ვადის გაგრძელების შესახებ.
"ისევე როგორც საპრეზიდენტო არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ 2017 წლის შემდეგ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყოფნის შეთანხმების პროლონგაციასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია მკაფიო და საჯარო იყო", _ განაცხადა იულია ტიმოშენკომ და დასძინა, რომ მის პოზიციას კარგად იცნობს როგორც უკრაინელი ხალხი, ისე სხვა სახელმწიფოს ლიდერები.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა გაკვირვება გამოხატა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის ვადის გახანგრძლივებით მიღებული გადაწყვეტილების ირგვლივ უკრაინის ზოგი პოლიტიკური ძალის რეაქციით. პუტინის თქმით, ამ საკითხის შესახებ მოლაპარაკება უკრაინის წინა ხელისუფლებასთანაც მიმდინარეობდა და მხოლოდ ერთი საკითხი იყო გადაუწყვეტელი _ ფასი.
"იულია ვლადიმეროვნასთან ამ საკითხზე არაერთხელ გვიმსჯელია და მაშინ არავინ წინააღმდეგი არ იყო. სადავო იყო მხოლოდ ერთი საკითხი _ ფასი. უბრალოდ, უკრაინულმა მხარემ ფლოტისათვის ბაზირების ვადის გაგრძელების 10 წელიწადში ძალიან დიდი თანხა 40-45 მილიარდი მოითხოვა. ამ ფულით თქვენს (უკრაინის) პრეზიდენტს შევჭამდი", _ ირონულად შენიშნა პუტინმა.