დღეს რუსეთის დუმამ რუსეთსა და უკრაინას შორის გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა, რომელიც ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყოფნის ვადის 25 წლით გახანგრძლივებას ითვალისწინებს. რუსეთის ფლოტს ვადა 2017 წლის მაისიდან 25 წლით უხანგრძლივდება და იგი ყირიმში 2042 წლამდე დარჩება.
ამ გადაწყვეტილებას რუსეთის დუმაში 410 დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
შეგახსენებთ, რომ ამ ხელშეკრულების რატიფიკაცია დღეს დილით უკრაინის რადამაც მოახდინა.
რუსეთის ფლოტისთვის ყირიმში დარჩენის ვადის გაგრძელების რატიფიცირების შემდეგ, უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა მბოლავი მაშხალა გაუშვა, რასაც რადაში არეულობა მოჰყვა.
ასევე კანონის მიღების შემდეგ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიის და ექს-პრემიერის იულია ტიმოშენკოს ბლოკის წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. რადაში არეულობის დროს დეპუტატები ერთმანეთს ნივთებს ესროდნენ. უკრაინულმა ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზი დატოვა.
აღნიშნულ დოკუმენტს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მოაწერეს.