უკრაინის უმაღლესმა რადამ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის ვადის გაგრძელების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსი" იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთის ფლოტისთვის ყირიმში დარჩენის ვადის 25 წლით გაგრძელების რატიფიცირების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა მბოლავი მაშხალა გაუშვა, რასაც რადაში არეულობა მოჰყვა.
ასევე კანონის მიღების შემდეგ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიის და ექს-პრემიერის იულია ტიმოშენკოს ბლოკის წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. რადაში არეულობის დროს დეპუტატები ერთმანეთს ნივთებს ესროდნენ. ამ დროისთვის კი უკრაინულმა ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზი დატოვა.
აღსანიშნავია, რომ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის ვადის გაგრძელების შეთანხმების რატიფიცირება დღეს დუმაშიც არის დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტს უკრაინაში ყოფნის ვადა 25 წლით გაუხანგრძლივდა. აღნიშნულ დოკუმენტს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მოაწერეს.