ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე 5 სამთავრობო აგარაკი, ტურისტების დასასვენებლად, ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა. ამის შესახებ აფხაზური მედიას სამთავრობო აგარაკების სამმართველოს უფროსმა დავით ოსიამ აცნობა.
მისი თქმით, ამიერიდან განსაზღვრული თანხის ფასად, ნებისმიერ მსურველს, სოხუმში, ახალ ათონში, რიწასა და მიუსერაში არსებულ სამთავრობო აგარაკზე ჩასვლა და იქ დაბინავების უფლება ექნება.
,,ტუროპერატორებს უკვე შეუძლიათ, ტურისტულ მარშრუტებს ეს ადგილებიც დაუმატონ. მათი მონახულება ინდივიდუალურადაც შეიძლება.
ფასები სავსებით მისაღებია და შემოსული თანხა თანამშრომელთა ხელფასების ზდას და აგარაკების აღდგენას მოხმარდება.” - აღნიშნა ოსიამ.
მისი თქმით, ტურისტებისთვის ამ სახლების გახსნას სამთავრობო აგარაკების სამმართველო მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა.
,,ეს არ არის სასტუმროები - ეს უფრო სამუზეუმო ექსპონატებია და რა თქმა უნდა, ხალხს დააინტერესებს უშუალოდ შეეხონ ისტორიას, დათვალიერონ, ნახონ, როგორ ისვენებდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის უმაღლესი ხელისუფლების წევრები.” - აცხადებს დავით ოსია.
შეგახსენებთ, საბჭოთა პერიოდის განმავლობაში, პირველი პირები სხვადსხვა დროს ოკუპირებული აფახზეთის ტერიტორიაზე დასასვენებლად სახელმწიფო აგარაკებს იშენებდნენ.