დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სტიქიის კერებში მომუშავეებს მადლობას უხდის და გარკვეული ზომების დაცვისაკენ მოუწოდებს.
ცენტრის ინფორმაციით, ეპიდემიის გავრცელების საფრთხე მინიმალურია.
„არ გამოიყენოთ საკვებად მალფუჭადი ან დაბინძურებული პროდუქტი; კვების, ტუალეტით სარგებლობისას, სიგარეტის მოწევის წინ და ნებისმიერი დაბინძურების შემთხვევაში დაიბანეთ ხელები სუფთა წყლითა და საპნით; მუშაობისას სხეული მაქსიმალურად დაიფარეთ ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით; სითბური და მზის დაკვრის თავიდან აცილების მიზნით ჩაიცვით ღია ფერის ტანსაცმელი და გამოიყენეთ ქუდები და თავსაბურავები; ნუ იმუშავებთ შიშველი ხელებით, გამოიყენეთ სამუშაო ხელთათმანები; მტვრისაგან თავის დასაცავად გამოიყენეთ ნიღბები; გაკაწვრის ან კანის სხვა დაზიანების შემთხვევაში ინფექციის თავიდან აცილების მიზნით, მათ შორის ტეტანუსის, ჩამოიბანეთ ნებისმიერი ჭრილობა საპნით და სუფთა წყლით და მიმართეთ სამედიცინო პუნქტებს. ტეტანუსის აცრის მისაღებად 24 საათის განმავლობაში მიმართეთ იმუნიზაციის ცენტრს - ქ.თბილისი, ტაშკენტის ქუჩა #10. ნუ შეეჭიდებით ისეთ სამუშაოს, რომელიც აღემატება თქვენს ძალებს, განსაკუთრებით ორსულები და მცირეწლოვანები; დაიცავით ჰიგიენის წესები და გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
დღეიდან უსაფრთხოების მიზნით, მოხალისეებს დედაქალაქის ცხელ წერტილებში მუშაობის უფლება არ ექნებათ.