ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი დღეს აჭარას სტუმრობს. ბათუმის აეროპორტში პრეზიდენტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის ა.რ. მინისტრთა კაბინეტის წევრები დახვდნენ.
დახვედრის ცერემონიის შემდეგ სასტუმრო „ჰილტონში“ მე-12 საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა” გაიმართა.
„მიუხედავად იმისა რომ თბილისში მძიმე მდგომარეობაა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, ჩვენ მოვახერხეთ ამ დიდი ღონისძიების ორგანიზება ბათუმში. ვფიქრობ ნაყოფიერად ჩაივლის და იქნება საინტერესო კონფერენცია.
გვაქვს პატივი ვუმასპინძლოთ ბულგარეთის პრეზიდენტს, რომელიც მეორედ იმყოფება ბათუმში. მნიშვნელოვანია მისი ვიზიტი რეგიონებს შორის ურთიერთობისთვის. პრეზიდენტი დაინტერესებულია აღდგეს საბორნე მიმოსვლა ბულგარეთის ქალაქებსა და ბათუმს შორის. სამომავლოდ ეს საკითხი საქართველოს მთავრობის დონეზე განიხილება, რადგან დიდი პერსპექტივა აქვს. ვისაუბრეთ ტურისტულ გამოცდილებაზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის ჩამოყალიბებაზე. ბატონი პრეზიდენტი ძალიან უშუალო, კომუნიკაბელური ადამიანია და დიდ პატივს სცემს საქართველოს“- განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ ხაბაძემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
ოფიციალური შეხვედრების შემდეგ ბულგარეთის პრეზიდენტი მისი აღმატებულება როსენ პლევნელიევი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან ერთად ბათუმის ძველ ბულვარში გაისეირნებს და ძველი ქალაქის ისტორიას, აჭარის კულტურასა და ტურისტულ-ეკონომიკურ პოტენციალს გაეცნობა. რის შემდეგაც 13:30 საათზე დაესწრება ბათუმში ლიტვის საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიალს.
ბულგარეთის პრეზიდენტი საქართველოდან დღესვე ბათუმის აეროპორტიდან გაემგზავრება.