წყნეთი-ახალდაბის გზაზე 5 დამეწყრილი მონაკვეთიდან 4 გაწმენდილია და სოფლის პირველ მოსახლემდე კომუნიკაცია აღდგენილია. გზის გახსნას და პირველი ავტომობილის გატარებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი პირადად დაესწრო. წყნეთი-ახალდაბის საგზაო მონაკვეთი 13-14 ივნისს წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ჩაიხერგა და სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. მდინარისა და შესაძლო ნიაღვრის გასატარებლად დამონტაჟდა 3 სანიაღვრე მილი, რომელზეც მოეწყო საავტომობილო გზა. ამ ეტაპზე უკვე შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილების გატარება და ახალდაბის მოსახლეობისათვის სასმელი წყლისა და საკვები პროდუქტების დაუბრკოლებლად მიწოდება.