საზაფხულო ღია კინოთეატრი სოხუმში, დიოსკურების სანაპიროზე (ყოფილი კოღონიას ბულვარი) მუშაობას ივნისის ბოლოს შეუდგება.
ამის შესახებ აფხაზ ჟურნალისტებს ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წარმომადგენელმა ესმა კვიწინიამ მიაწოდა.
,,დიდი ხანია ამ იდეის განხორციელებაზე ვფიქრობდით და ამ დროისთის, უკვე მოვნახეთ ადგილი, სადაც ღია ცისქვეშ კინოთეატრის მოწყობას ვახერხებთ... მისი გახსნა 27 ივნისისთვის იგეგმება და პროექტი ერთ თვეზეა გათვლილი, მაგრამ თუ მოთხოვნა იქნება, შეიძლება გავაგრძელოთ.” - განაცხადა კვიწინიამ.
მისი თქმით, ტექნიკური მხარე უკვე მოგვარებულია, დამონტაჟებულია: ხმის გამაძლიერებლები, ფართო ფორმატის ეკრანი, კინოპროექტორი და სხვა საჭირო მოწყობილობები.
,,ერთადერთი დროებითი პრობლემა პარკის გასუფთავება-დალაგებაა. უახლოეს დღეებში ვაპირებთ, სოციალური ქსელებით ახალგაზრდებს მოვუწოდოთ, დასუფთავების პროცესში ჩაერთონ. ასევე, დახმარებას ვთხოვთ ქალაქის კომუნალურ სამსახურს. გვინდა, რომ ფილმებს სუფთა გარემოში ვუყუროთ.”- აღნიშნა ესმა კვიწინიამ.
საზაფხულო კინოთეატრი ღია ცის ქვეშ სოხუმში, 27 ივნისს საზეიმო ვითარებაში გაიხსნება.
ორგანიზატორების ჩანაფიქრით, მაყურებელს ფილმების ნახვა დღეგამოშვებით შეეძლებათ და არჩევანიც მათ სურვილზე იქნება დამოკიდებული.