ოკუპირებული აფხაზეთის პროკურატურის წარმომადგენლებმა რაულ ხაჯიმბას სოხუმში არსებული ,,თავისუფალი” საცხოვრებელი ბინების სია წარუდგინეს.
ამის შესახებ, მასთან შეხვედრაზე მისულ 1992-93 წლების ომის მონაწილე ვეტერანებსა და ინვალიდებს თავად ხაჯიმბამ აუწყა.
,,დღეისთვის ჩემს ხელთ არის არამარტო ქალაქ სოხუმში, არამედ სხვა რაიონებში არსებული თავისუფალი საცხოვრებელი ფართების სია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ბინები იმ ადამიანებს გადაეცეთ, ვინც იმსახურებს. ესენი არიან: ომის ინვალიდები, ვეტერანები და ახალგაზრდა ოჯახები, რომლებიც წლებია ბინის რიგში დგანან.” - აღნიშნა არძინბამ.
მისი თქმით, პროკურატურის წარმომადგენლებმა ქალაქ სოხუმის სხვადსხვა რაიონში ასეულობით თავისუფალი საცხორებელი ფართი აღმოაჩინა, სადაც არავინ ცხოვრობს. ხაჯიმბა დარწმუნებულია, რომ მსგავსი ბინები აფხაზეთში კიდევ ბლომად არის.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას თავიანთი საცხოვრებელი პირობებით უკმაყოფილო რამდენიმე ახალგაზრდა აფხაზურმა ოჯახმა სოხუმის ახალ რაიონში, გუმისთის (ყოფილი ძერჟინსკის) ქუჩის № 39-ში მდებარე კორპუსის ერთი სადარბაზო უნებართვოდ დაიკავეს და ადგილობრივ ხელისუფლებას ბინების დაკანონება მოსთხოვეს.
მათი თქმით, ასეთი აქციის მოწყობა იმისთვის დასჭირდათ, რომ ხელისუფლებას თავიანთი პრობლემები დაანახონ.
კორპუსი, რომელიც მათ დაიკავეს, საცხოვრებლად უვარგისია, არა აქვს კარ-ფანჯარა, არ მუშაობს კანალიზაცია, მაგრამ თუ იქ ცხოვრების ნებას მისცემენ, ყველა პრობლემას საკუთარი ძალებით მოაგვარებენ.
თავის მხრივ, ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ მაშინ, როცა ხალხი ბინის რიგს 15-20 წელი ელოდება, ცალკეული ჯგუფების მიერ საცხოვრებელი ფართების უნებართვოდ მითვისება კანონმორჩილი მოქალაქეების მიმართ უსამართლობაა.
ამის შესახებ აფხაზ ჟურნალისტებს ოკუპირებული აფხაზეთის ვიცე-პრემიერი შამილ აძინბა ესაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ბინების თვითნებურ დაუფლებას არ დაუშვებს.
აძინბამ განმარტა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას დადგენილებით, დანგრევის პირას მყოფი საცხოვრებელი კორპუსების გარემონტება და უბინაო ოჯახებისთვის მათი გადაცემა უკვე გადაწყვეტილია.
,,ვფიქრობ, 2016 წლისთვის რამდენიმე კორპუსის რემონტის დასრულებას შევძლებთ, შემდეგ კი თანდათან და გეგმაზომიერად ახალი სახლების მშენებლობას დავიწყებთ.” - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ვიცე-პრემიერმა.