საკურორტო სეზოზე, 20 ივნისიდან ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გაგრასა და ადლერს შორის საქალაქთაშორისო მატარებელი ივლის. ამის შესახებ აფხაზ ჟურნალისტებს ,,აფხაზეთის რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა გურამ გუბაზმა განუცხადა.
,,გაგრასა და ადლერს შორის ელექტრომატარებელი მგზავრებს დღეში სამჯერ მოემსახურება. მისი საშუალებით აფხაზეთ-რუსეთის საზღვარზე საავტომობილო გადასასვლელების განტვირთვა გახდება შესაძლებელი.” - აღნიშნა გუბაზმა.
,,აფხაზეთის რკინიგზის” გენერალური დირექტორის უფროსის მოადგილე იგორ მარღანია ამბობს, რომ ამჟამად სარკინიგზო მაგისტრალის გასწვრივ ტერიტორიის მცენარებისგან გაწმენდა მიმდინარეობს, რადგან ელექტრომატარებლის მოცულობა სიფართეში ჩვეულებრივ სამგზავრო მატარებელზე დიდია და მის მოძრაობას მცენარეები ხელს შეუშლიან.
მისივე თქმით, ივლის-აგვისტოს თვეში ოკუპირებულ აფახზეთში კიდევ ერთი სარკინიგზო მარშრუტი: ბელგოროდი-სოხუმი-ბელგოროდი ამოქმედდება, რომელიც თვეში ხუთჯერ შესრულდება.
შეგახსენებთ, რომ საკურორტო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, 1 ივნისიდან, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ახალი სარკინიგზო რეისი: სოხუმი-პეტერბურგი გაიხსნა.
სარკინიგზო მიმოსვლა სოხუმსა და მოსკოვს შორისაც ხორციელდება.