თავიანთი საცხოვრებელი პირობებით უკმაყოფილო ათამდე ახალგაზრდა ოჯახმა, 7 ივნიის, სოხუმში, გუმისთის (ყოფილი ძერჟინსკის) ქუჩაზე მდებარე № 39 კორპუსის ერთი სადარბაზო უნებართვოდ დაიკავეს.
მათი თქმით, ასეთი აქციის მოწყობა იმისთვის დასჭირდათ, რომ ხელისუფლებას თავიანთი პრობლემები დაანახონ.
,,ჩვენ საკუთარი საცხოვრებელი ადგილი არ გვაქვს, წლებია უკვე, ნაქირავებ ბინებში ვცხოვრობთ და ამიტომ იძულებული ვართ, ამ გზას მივმართოთ. გვინდა იცოდეს ხელისუფლებამ, რომ უკან დახევას არ ვაპირებთ და საკუთარ უფლებებს დავიცავთ.” - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ამრა კვიწინიამ.
მისი თქმით, კორპუსი, რომელშიც ისინი შევიდნენ, საცხოვრებლად უვარგისია, არა აქვს კარ-ფანჯარა, არ მუშაობს კანალიზაცია, მაგრამ თუ იქ ცხოვრების ნებას მისცემენ, ყველა პრობლემას საკუთარი ძალებით მოაგვარებენ.
თავის მხრივ, ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მაშინ, როცა ხალხი ბინის რიგს 15-20 წელი ელოდება, ცალკეული ჯგუფების მიერ საცხოვრებელი ფართების უნებართვოდ მითვისება კანონმორჩილი მოქალაქეების მიმართ უსამართლობაა.
ამის შესახებ აფხაზ ჟურნალისტებს ოკუპირებული აფხაზეთის ვიცე-პრემიერი შამილ აძინბა ესაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ბინების თვითნებურ დაუფლებას არ დაუშვებს.
,,ჩვენ გვესმის, რომ ხალხი განიცდის უბინაობას და მათ პრობლემებს გაგებით ვეკიდებით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახელმწიფოს თავისი კანონები აქვს, რომელიც უნდა დავიცვათ.” - აღნიშნა მან.
მისი თქმით, ახალგაზრდა ოჯახებისთვის დახმარების გაწევა აუცილებელია, მაგრამ ამისთვის მათ ,,ხელისუფლებას” მშვიდად მუშაობის საშუალება უნდა მისცენ.
აძინბამ განმარტა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას დადგენილებით, უკვე გადაწყვეტილია დანგრევის პირას მყოფი საცხოვრებელი კორპუსების გარემონტება და უბინაო ოჯახებისთვის მათი გადაცემა.
,,ვფიქრობ, 2016 წლისთვის რამდენიმე კორპუსის რემონტის დასრულებას შევძლებთ, შემდეგ კი თანდათან და გეგმაზომიერად ახალი სახლების მშენებლობას დავიწყებთ.” - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ვიცე-პრემიერმა.