არც ერთი არსებული ჰერბიციდი არ მოქმედებს ბზის მავნებელზე, რომელიც სოჭის მიდამოებში უნიკალური კოლხური ბზის სახეობას ანადგურებს.
ამის შესახებ აფხაზ ჟურნალისტებს ოკუპირებული აფხაზეთის გარემოს დცვისა და ეკოლოგიის კომიტეტის თავმჯდომარემ საველი ჭითანავამ განუცხადა.
მისი თქმით, მართალია, მავნებელთან შხამქიმიკატებით ბრძოლა აფხაზეთში ჯერ არ უცდიათ, მაგრამ სოჭელი ბოტანიკოსების მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებით დადგინდა, რომ მათზე ჰერბიციდების ზემოქმედება უშედეგოა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს სოჭის ოლიმპიადისთვის მზადების პერიოდში ობიექტების გასამწვანებლად ჩინური წარმომავლობის ბზის ბუჩქები ევროპიდან შეიტანეს.
როგორც აღმოჩნდა, მავნებელი პეპლის ჭუპრები, სწორედ იმ ბუჩქებს შეჰყვა, დააზიანა სოჭში არსებული ბზა და აფხაზეთში გადაინაცვლა.
მავნებელმა მდინარე ფსოუს გასწვრივ არსებული ბზის ხეივნების 70 % სრულად გაანადგურა და აფხაზეთის ტყეებსა და პარკებში გაშენებულ ბზას შეესია.
,,პარკებსა და ბაღებში რაღაც საშუალებებით შეიძლება მავნებელს შევებრძოლოთ, მაგრამ მთებსა და ტყეებში უღონოები ვართ.
ჩვენთან ბზა მიუწვდომელ მთიან ადგილებშიც ხარობს, სადაც მცენარეს მავნებლებისგან ვერანაირად ვერ დავიცავთ.” - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის მცენარეთა კარანტინის ინსპექციის უფროსი ალბერტ აგრბა.
სპეციალისტები ყველაზე ეფექტურ საშუალებად მავნებელი პეპლის წინააღმდეგ მეორე მწერის, ე. წ. ,,ჩინური ხოჭოს” გამოყენებას მიიჩნევენ, რომელიც ამ პეპლებით და მისი ჭუპრებით იკვებება.
რუსეთის გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე სოჭში მილიონამდე ,,ჩინურ ხოჭოს” გაუშვებენ და შემდეგ ბიოლოგები დააკვირდებიან, როგორ შეასრულებენ ისინი ,,დაკისრებულ მოვალეობას.”
თუ ეს მეთოდი გაამართლებს, მაშინ კრასნოდარის მხარეში სპეციალური ლაბორატორიები შეიქმნება, სადაც ასეთ ხოჭოებს გამოიყვანენ და აფხაზეთშიც გაუშვებენ.
თუმცა, მას შემდეგ, რაც ,,ჩინური ხოჭოები” ბზის მავნებლებს გაანადგურებენ, სავარაუდოდ, შეიძლება მეორე პრობლემამ იჩინოს თავი და უკვე ეს მწერები გადაიქცნენ მავნებლებად.
,,პეპელა ახლა მთელ აფხაზეთშია მოდებული. დავუშვათ, ჩინურმა ხოჭომ მოსპო ისინი, შემდეგ რას უნდა ველოდოთ, ჩვენ არ ვიცით. არავინ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ეს უკანასკნელი სხვა მცენარეებზე არ გადავა.” - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის სატყეო მეურნეობის უფროსი ანზორ აშხაცავა.
ოკუპირებული აფხაზეთის გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის კომიტეტის თავმჯდომარე საველი ჭითანავა იმედოვნებს, რომ თუ ზამთარში ცივი ამინდები და ყინვა იქნა, მავნებელი მკაცრ ზამთარს ვერ გაუძლებს.
,,ისინი ძირითადად ტროპიკების ბინადრები არიან. მე იმედი მაქვს, რომ თუ ზამთარში 4-5 დღის განმავლობაში მაინც ყინვიანი ამინდები დაიჭირა, ამან შეიძლება მათ განადგურებას შეუწყოს ხელი.
სამწუხაროდ, ბოლო ორი წელია, ყინვები არ ყოფილა.” - ამბობს ჭითანავა.
მისი თქმით, პრობლემის მასშტაბების შესახებ ზუსტი მონაცემები არა აქვს, მაგრამ იმის თქმა შეუძლია, რომ ვითარება მართლაც საგანგაშოა.
შეგახსენებთ, რომ ბზის მავნებელი პეპლის მატლები მცენარის ფოთლებით და ქერქით იკვებებიან და მის სრულ განადგურებას იწვევენ.