ოკუპირებულ აფახზეთში აფხაზურ, მეგრულ და რუსულ ენებზე გამომავალ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაზეთ ,,გალს” დაარსებიდან 20 შეუსრულდა.
მისი პირველი ნომერი 1995 წლის 4 ივნისს დაიბეჭდა.
გაზეთის დამფუძნებლის და მთავარი რედაქტორის ნუგზარ სალაყაიას თქმით, სხვადასხვა პრობლემის გამო, 1999-2004 წლებში იძულებული გახდნენ, გამოცემა შეეწყვიტათ, მაგრამ მოგვიანებით ,,გალი” მკითხველებს ისევ დაუბრუნდა.
,,რაიონული გაზეთი ორმაგად უნიკალურია, რადგან მასში მასალები სამ ენაზე, აფხაზურ, მეგრულ და რუსულ ენებზე იბეჭდება, ამასთან, ეს ერთადერთი ბეჭდური საშუალებაა, სადაც მეგრული ენაა გამოყენებული.
გამოცემა, ძირითადად, ადგილობრივი, გალელი მკითხველისთვის არის გათვალისწინებული.
მეგრულ ენაზე მასალების გამოსაქვეყნებლად ქართულ ანბანს ვიყენებთ.
დღეს, ჩვენი ტირაჟი 1000 ეგზემპლიარია.” - განუცხადა აფხაზ ჟურნალისტებს ნუგზარ სალაყაიამ.
მისი თქმით, ამ გაზეთის გამო, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლები მას გამუდმებით პრობლემებს უქმნიდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქმის გაგრძლება შეძლო და თუ აქამდე ,,გალი” თვეში ერთხელ გამოდიოდა, ამიერიდან თვეში ორჯერ გამოიცემა.
გაზეთის რედაქციაში სულ 8 ადამიანი მუშაობს, რომელთაც საიუბილეო თარიღი გაზეთ ,,აფხაზეთის რესპუბლიკის” რედაქტორმა იური კურასკუამაც მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ ორგანოში რაიონისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური მასალები იბეჭდება.
,,ეს გაზეთი ერთადერთია გალის რაიონში და მასში მკითხველი არა მარტო რაიონში მიმდინარე მოვლენებს და სიახლეებს, არამედ მთელ რესპუბლიკაში არსებულ ვითარებას ეცნობა.” - განაცხადა კურასკუამ.
,,გალის” ახალი ნომერი რედაქციამ მთლიანად გაზეთის იუბილეს მიუძღვნა.