ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ფონდი ,,აკუა” გამოვიდა იდეით, რომ ,,სოხუმობის” დღესასწაული დაარსდეს.
ფონდის დირექტორისა და ოკუპირებული აფხაზეთის საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ქაან ტანიას განცხადებით, ჯერ-ჯერობით სადღესასწაულო დღისთვის თარიღი შერჩეული არ არის და ამ საკითხის გადაწყვეტას ისინი ისტორიკოსებთან, საზოგადოებასთან და უბრალო მოქალაქეებთან შეთანხმებით აპირებენ.
,,დედაქალაქის სადღესასწაულო დღის დაწესება აუცილებელია, რათა მშობლიური ქალაქის და მისი ისტორიის მიმართ სიყვარული იგრძნო, მისი კულტურული მემკვიდრეობის, ერთიანობისა და მოქალაქეთა წინაშე პასუხისმგებლობა გაითავისო.” - აღნიშნა ქაან ტანიამ აფხაზ ჟურნალისტებთან საუბარში და დასძინა, რომ დღესასწაულის დაწესების იდეა სპონტანურად დაიბადა.
ის დარწმუნებულია, რომ ამაზე ნებისმიერ სოხუმელს უფიქრია და ,,აკუამ” მხოლოდ ხმამაღლა გაახმოვანა.
ტანიას თქმით, ამ იდეამ საზოგადოებაში დადებითი გამოხმაურება ჰპოვა, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ბევრს ქალაქის სადღესასწაულო დღედ 27 სექტემბერი მიაჩნია.
,,ეს დღე არის ქართული ჯარის ნაწილებისგან სოხუმის გათავისუფლების დღე, რომელიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, მაგრამ მას სოხუმის დღედ ვერ ჩავთვლით.” - მიიჩნევს ახალგაზრდა აფხაზი დიპლომატი.