უკრაინის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი აზაროვი აცხადებს, რომ გაზის შესახებ რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულებების გადახედვა ეკონომიკური სიტუაციის სტაბილიზაციის საშუალებას იძლევა.
"მთავარი შედეგი არის ის, რომ ამ ხელშეკრულებების გადახედვით ჩვენ მოგვეცა ეკონომიკური და ფინანსური სიტუაციის სტაბილიზაციისა და დაჩქარებული განვითარების შესაძლებლობა. ამჟამად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ერთგვარი ამოსუნთქვა ჩვენი მრეწველობის მიერ ენერგომომარაგების მოდერნიზაციისათვის გამოვიყენოთ. უპირველეს ყოვლისა კი დანახარჯების შემცირებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის", _ განაცხადა აზაროვმა.
მისივე თქმით, უკრაინამ ეს შეთანხმება მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოიყენოს. "ეს 10 წელი, ეს ერთგვარი ამოსუნთქვა ისე უნიჭოდ როდი უნდა იქნეს გამოყენებული როგორც გასული ათწლეულის განმავლობაში (დამოუკიდებლობის დღიდან)", _ აღნიშნა მან.
აზაროვი უკრაინასა და რუსეთს შორის გაზის ტარიფის დაწევის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების დენონსაციის შესაძლებლობას არ უშვებს.
"რათქმაუნდა ამის შესაძლებლობას არ ვუშვებ. არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არასოდეს არ დასთანხმდება იმას, რომ გაწყვიტოს ქვეყნისათვის მომგებიანი ხელშეკრულება", _ აცხადებს აზაროვი და ხაზგასმით აღნიშნავს: "მინდა დაგარწმუნოთ, რომ უკრაინის რადა არასოდეს არ მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ გადაწყვეტილება რომელიც ჩვენ მივიღეთ უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისია".
შეგახსენებთ, რომ უკრაინისათვის მინიჭებული გაზის შეღავათიანი ტარიფი სევასტოპოლში ბაზირებული რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გაზრდილ საიჯარო გადასახადში აისახება. აქამდე რუსეთი ყირიმში თავისი ფლოტის ბაზირების იჯარისათვის წელიწადში 100 მილიონ აშშ დოლარზე ნაკლებს იხდიდა.
"ეს პოლიტიკური კვანძი არ არის, ტექნიკურია. საიჯარო გადასახადი ამ შეღავათის (გაზზე ფასი) ზომით გაიზრდება", _ განაცხადა მედვედევმა.
რუსეთსა და უკრაინას შორის ხელმოწერილი შეთანხმების Yთანახმად ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტი 2042 წლამდე უნდა დარჩეს.