უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დენონსირებული იქნება ყველა შეთანხმება, რომელიც უკრაინის ნაციონალურ ინტერესებს ეწინააღმდეგება. განცხადება ამის შესახებ უკრაინული ოპოზიციის ლიდერმა იულია ტიმოშენკომ უკრაინული ტელეკომპანია "უკრაინას" ეთერში გააკეთა.
"როგორც კი უკრაინაში ხელისუფლება შეიცვლება და იგი შეიცვლება იმ ვადებში, რომელიც კონსტიტუციითაა განსაზღვრული, ყველა გარიგება უკლებლივ დენონსირებული იქნება, რომელიც უკრაინის ნაციონალურ ინტერესებს ეწინააღმდეგება", _ განაცხადა ტიმოშენკომ და დასძინა, რომ ეს აუცილებელია უკრაინული სახელმწიფოს სტრატეგიის განვითარებისათვის.
იულია ტიმოშენკოს ბლოკი ასევე აცხადებს, რომ ხარკოვში მოლაპარაკებების მიმდინარეობისას მედვედევმა და იანუკოვიჩმა გარდა შეთანხმებისა, რომელიც რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტისათვის ყირიმში ყოფნის ვადის გახანგრძლივებას ეხებოდა, ხელი მოეწერა კიდევ ერთ ხელშეკრულებას _ საავიაციო სფეროში უკრაინასა და რუსეთს შორის ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ.
"როგორ შეიძლება მომხდარიყო ისე, რომ ხარკოვში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს, როდესაც უკრაინაში არავინ არაფერი იცოდა, კიდევ ერთი ხელშეკრულება გაფორმებულიყო?", _ კითხვას სვამს ტიმოშენკო.
მან აღნიშნა, რომ ამ შეთანხმების თანახმად, "ჩვენ (უკრაინა) ჩვენს ინტელექტუალურ საკუთრებას გადავცემთ რაღაც გაურკვეველი ერთობლივი დაწესებულების კუთვნილებაში, სადაც 51 % უკრაინის კუთვნილება კი არ იქნება არამედ, როგორც ხელშეკრულებაშია განსაზღვრული, ვიღაც სხვა, უცხო სახელმწიფოს მოქალაქის კუთვნილება", _ აცხადებს ტიმოშენკო.