საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი–აგარის მშენებარე მონაკვეთის 3 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ გზაზე გადართო.
რუისი–აგარის სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე საერთო ჯამში 19 კილომეტრია. პროექტის ღირებულება 70 მილიონ ლარს შეადგენს და დონორი ორგანიზაცია მსოფლიო ბანკია. სამუშაოებზე ამ ეტაპზე, 350-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათგან 70% ადგილობრივი მცხოვრებია, რომელთა დიდი ნაწილი მიმდებარე სოფლების მოსახლეობაა.
პროექტი ითვალისწინებს, აღნიშნულ გზაზე ორდონიანი გადაკვეთების მოწყობას, სადაც 5 გზაგამტარი და 3 სახიდე გადასასვლელი აშენდება.
რუისი–აგარის მონაკვეთის მშენებლობის შედეგად, გაუმჯობესდება საგზაო ქსელი, მოხდება მისი მოდერნიზება და თანამედროვე სტანდარტებთან გათანაბრება, ასევე, გაიზრდება ავტოტრანსპორტის ნაკადის გამტარუნარიანობა და მოძრაობის უსაფრთხოების დონე. რუისი–აგარას 19 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.